Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

საჯარო მოხელის კარიერის მართვა

ადამიანური რესურსების მართვა

მოხელის კარიერული განვითარება და კარიერის პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბება წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთ მიზანს, რომელიც კანონის პირველივე მუხლშია დეკლარირებული. კარიერის მართვის მოდელზე გადასვლა წარმოადგენს საჯარო სამსახურის რეფორმის პროცესის მთავარ ამოცანას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პროფესიონალი საჯარო მოხელეების შენარჩუნება საჯარო სამსახურის სისტემაში, მათი პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს დაფასება და კარიერული განვითარების დაგეგმვა.

 

საჯარო სამსახურში მოხელის კარიერა იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან. მოხელის ფიცი არის აღიარება იმისა, რომ პირს გაცნობიერებული აქვს საჯარო მოხელის სტატუსი და შესაბამისად, აცხადებს თანხმობას, რომ აიღოს პასუხისმგებლობა ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე. საჯარო სამსახურში კარიერა გულისხმობს არა მხოლოდ ერთი დაწესებულების შიგნით, არამედ მთელი საჯარო სამსახურის მასშტაბით, როგორც კარიერულ განვითარებას, ისე ჰორიზონტალურ გადაადგილებას.

 

საჯარო დაწესებულების გამართული და სრულყოფილი საქმიანობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია მოხელეთა მუდმივი განვითარება, როგორც იერარქიულ რანგებზე მოძრაობის გზით, ასევე, მათთვის განსხვავებული ფუნქციების დაკისრებითაც. აღნიშნული მექანიზმი მუდმივად ზრდის ინდივიდს როგორც პროფესიონალს და უვითარებს მას მრავალმხრივ უნარებს და აძლევს დამატებით ცოდნასა და გამოცდილებას, რაც შემდგომი კარიერული განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება აღმოჩნდეს.

 

კარიერის მართვის სხვადასხვა ინსტრუმენტებს შორის საკვანძოა, კონკურსი და შეფასების მართვა. კარიერული გადაადგილება, დამსახურებაზე დაფუძნებულ კარიერულ სისტემაში, შესაძლებელია შიდა ან დახურული კონკურსის მეშვეობით. შიდა კონკურსის გზით მოხელეს აქვს კარიერული განვითარების შესაძლებლობა იმავე საჯარო დაწესებულებაში, ხოლო დახურულ კონკურსში მონაწილეობით მოხელეს შეუძლია კარიერა გააგრძელოს საჯარო სამსახურის სისტემის სხვა საჯარო დაწესებულებაში. რაც შეეხება შესრულების მართვას, აღნიშნული სიახლეა საჯარო სამსახურის სისტემისათვის და უკავშირდება პროფესიული საჯარო მოხელის განვითარებაზე ზრუნვის პრიორიტეტულობის აღიარებას. შეფასების მეშვეობით ვლინდება თითოეული მოხელის შესაძლებლობები და საჭიროებები, როგორც ინდივიდუალური, ასევე ორგანიზაციულ დონეზე, იზომება თანამშრომლის ძალისხმევა და წვლილი ორგანიზაციული მიზნების მიღწევის პროცესში. შეფასება შესაძლებელია ოთხდონიანი სისტემით და გავლენას ახდენს მოხელის კარიერულ განვითარებაზე.