პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურში მიღება
პროფესიული მოხელის სამსახურში მიღების ერთიანი სტანდარტი არის გარანტი და წინაპირობა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვის. საჯარო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების ძირითადი მიზანია, გამჭვირვალე და მერიტოკრატულ პრინციპებზე დაფუძნებული სამსახურში აყვანის პროცესის უზრუნველყოფა.
კონკრეტული დებულებები განსაზღვრავენ საჯარო სამსახურში მისაღებად საჭირო ობიექტურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და სამსახურში მიღების წესებს. მათი მეშვეობით ხორციელდება შერჩევის პროცესის მოწესრიგება და კონკრეტული სამთავრობო უწყებისთვის უფლებამოსილების მინიჭება კოორდინაციისა და ზედამხედველობის მიზნებისთვის.
სამსახურში მიღების რეგულაციებით, აგრეთვე, განისაზღვრება სახელმწიფოსა და საჯარო მოხელეს შორის შრომითი ურთიერთობის კონკრეტული ფორმა და ამისათვის საჭირო უფლებამოსილება. საჯარო მოხელის შერჩევის სისტემის ძირითადი მიზანია, თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მაქსიმალურად შესაბამისი და, ამავე დროს, მოტივირებული პირის მოძიება; საჯარო სამსახურში შერჩევის ისეთი წესის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ამოცანის გადაწყვეტას.
პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობაზე პირის დანიშვნა შესაძლებელია განხორციელდეს ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე. კონკურსის გავლის პროცედურა ერთნაირია ორივე ტიპის შემთხვევაში, განსხვავდება მხოლოდ ღია და დახურულ კონკურში მონაწილე პირთა წრე. საჯარო სამსახურში ღია კონკურსი ცხადდება ყველაზე დაბალი - მეოთხე რანგის პოზიციებზე და მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. მაღალი რანგის თანამდებობებზე ცხადდება დახურული კონკურსი და მასში მონაწილეობის უფლება ეძლევათ მხოლოდ მოქმედ მოხელეებს, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირებს და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც ერთი წელი მაინც მუშაობენ საჯარო სამსახურის სისტემაში. ეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოხელის კარიერული განვითარების პრინციპი და მაღალ თანამდებობაზე კარიერული განვითარების შანსი უპირველესად სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს მიეცეთ. წარუმატებელ კანდიდატებს შესაძლებლობა ეძლევათ მიმართონ ბიუროს და გადაამოწმონ წარდგენილი განაცხადის ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
საჯარო სამსახურში შესვლის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დადგინდა მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების სტანდარტი, რომლის შესაბამისადაც თითოეული საჯარო დაწესებულება შეიმუშავებს შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და შესათანხმებლად გადაუგზავნის საჯარო სამსახურის ბიუროს.
კანონით ასევე დადგენილია საკონკურსო კომისიის შექმნის წესი, საქმიანობის ფარგლები, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და ვადებიც.
სამსახურში მიღების რეგულაციებით, აგრეთვე განისაზღვრება სახელმწიფოსა და საჯარო მოხელეს შორის შრომითი ურთიერთობის კონკრეტული ფორმა და ამისათვის საჭირო უფლებამოსილება.
მოხელედ დასაქმების მსურველთათვის ვაკანსიებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს (ბიურო) მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე hr.gov.ge, სადაც თავმოყრილია საჯარო სამსახურის მასშტაბით არსებული ყველა ვაკანსია. საჯარო სამსახურში მოხელის ვაკანტურ პოზიციაზე შეიძლება მიღებულ იქნეს ნებისმიერი ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც ისიც სახელმწიფო ენა, მიაღწია 18 წელს და აქვს მოხელის სერტიფიკატი, რაც მოხელის სამსახურში მისაღების ძირითადი მოთხოვნებია. გარდა ძირითადი მოთხოვნებისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია მოხელის სამსახურში მიღების სპეციალური მოთხოვნები, დასაკავებელი თანამდებობის რანგის მიხედვით - აუცილებელი განათლების დონისა და სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით. ასევე, დაწესებულების ხელმძღვანელი განსაზღვრავს თანამდებობის დამატებით მოთხოვნებს, დაწესებულებაში არსებული ვაკანტური პოზიციის საჭიროებიდან გამომდინარე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, გათვალისწინებულია იმ პირთა კატეგორიაც, რომლებიც არ შეიძლება მიღებულ იქნან საჯარო სამსახურში.