Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

მოხელეთა უფლებები და გარანტიები

ადამიანური რესურსების მართვა

საჯარო დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი გარემო და, ამავდროულად, იხელმძღვანელოს თანაბარი და სამართლიანი მოპყრობის პრინციპით თითოეული მოხელის მიმართ.

 

მოხელეს უფლება აქვს ჰქონდეს უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები შესაბამისი შრომის ანაზღაურებით, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიიღოს ანაზღაურება, კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში ისარგებლოს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლებით, ისარგებლოს პროფესიული განვითარების  პროგრამაში მონაწილეობის უფლებით, ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრული შვებულების უფლებით.

 

სამუშაო დრო და დასვენება შრომითი ურთიერთობების არსებითი პირობები და ღირსეული და უსაფრთხო დასაქმების ინდიკატორებია, ამდენად, მოხელის დასვენების დრო და უქმე დღეები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“.

 

ასევე, მოხელეს პროფესიულ კავშირში გაწევრების უფლება აქვს, იგი მოქმედებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, იცავს გამჭვირვალეობისა და ღიაობის პრინციპს, საიდუმლო ინფორმაციას, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს ეკონომიურად და ეფექტიანად, უფლება აქვს უარი თქვას განკარგულების შესრულებაზე, თუ:

 

განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

განკარგულების გაცემა სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს;

განკარგულების შესრულება საჭიროებს განსხვავებულ კომპეტენციასა და პროფესიულ უნარებს, რომლებიც მას არ აქვს;

განკარგულების შესრულება საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის;

განკარგულება მიმართულია „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ;

განკარგულების შესრულება გამოიწვევს დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას.