Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

მოხელეთა უფლებები და გარანტიები

ადამიანური რესურსების მართვა

 

მოხელეს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები და მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები.

 

საჯარო დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო მოხელის უსაფრთხო სამუშაო პირობებითა და სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე უზრუნველყოს მოხელეების მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, კარიერული წინსვლის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

 

საჯარო დაწესებულება ვალდებულია სამუშაო ადგილზე პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად მიიღოს ზომები დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის მიზნით, მათ შორის, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები ასახოს საჯარო დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტებში და უზრუნველყოს მათი შესრულება.

 

უსაფრთხოება, შესაბამისი სამუშაო გარემო, სათანადო საშუალებები, თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა წარმოადგენს ღირსეული შრომის განმაპირობებელ ფაქტორებს.

 

მოხელეს უფლება აქვს ჰქონდეს უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობები შესაბამისი შრომის ანაზღაურებით, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიიღოს ანაზღაურება, კანონმდებლობით განსაზღვრული კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში ისარგებლოს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის უფლებით, ისარგებლოს პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის უფლებით, ასევე, კანონმდებლობით განსაზღვრული შვებულების უფლებით.

 

სამუშაო დრო და დასვენება შრომითი ურთიერთობების არსებითი პირობები და ღირსეული და უსაფრთხო დასაქმების ინდიკატორებია, ამდენად, მოხელის დასვენების დრო და უქმე დღეები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“.

 

ასევე, მოხელეს უფლება აქვს, საჯარო სამსახურში საკუთარი უფლებების დასაცავად შექმნას პროფესიული კავშირი ან იყოს მისი წევრი, არჩეულ იქნეს პროფესიული კავშირის მართვის ორგანოებში და მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში ანაზღაურების გარეშე, სამსახურისაგან თავისუფალ დროს.

 

მოხელე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, რომელიც გულისხმობს მის ვალდებულებას, სამუშაო საათებში თავი შეიკავოს პოლიტიკური აქტივობისაგან საჯარო სამსახურის მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, იგი იცავს გამჭვირვალეობისა და ღიაობის პრინციპს, საიდუმლო ინფორმაციას, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს ეკონომიურად და ეფექტიანად, უფლება აქვს უარი თქვას განკარგულების შესრულებაზე, თუ:

 

  • განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
  • განკარგულების გაცემა სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს;
  • განკარგულების შესრულება საჭიროებს განსხვავებულ კომპეტენციასა და პროფესიულ უნარებს, რომლებიც მას არ აქვს;
  • განკარგულების შესრულება საზიანოა მისი ჯანმრთელობისათვის;
  • განკარგულება მიმართულია „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ;
  • განკარგულების შესრულება გამოიწვევს დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას;
  • იმ შემთხვევაში თუ განკარგულების გაცემა სცილდება განკარგულების გამცემის უფლებამოსილების ფარგლებს, ასევე განკარგულების შესრულება საჭიროებს განსხვავებულ კომპეტენციასა და პროფესიულ უნარებს, რომლებიც მას არ აქვს, განკარგულების წერილობით განმეორებისას მოხელემ იგი უნდა შეასრულოს, რაც არ შეიძლება გახდეს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.