მოხელეთა დისციპლინა
საჯარო მოსამსახურე იცავს სამსახურში გამოცხადების, სამუშაო დროის დაწყებისა და დამთავრების, სამსახურში დაგვიანების შეტყობინების, საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით გათვალისწინებულ წესებს. საჯარო მოსამსახურე იცავს სამუშაო დისციპლინას კანონმდებლობისა და საჯარო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესით, რაც გულისხმობს სამსახურში დროულად გამოცხადებას, სამსახურში დაგვიანების თაობაზე შეტყობინებასა და შვებულების/მივლინებით სარგებლობის წესების დაცვას.
საჯარო მოსამსახურის მიერ სამუშაო დისციპლინის დაცვა მნიშვნელოვანია როგორც საჯარო დაწესებულების ეფექტური ფუნქციონირების, ასევე თანასწორი და სამართლიანი მმართველობის კულტურის ჩამოყალიბებისათვის. საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს სამუშაო დისციპლინის დაცვას შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით. სამუშაო დისციპლინის სისტემატიური დარღვევა შეიძლება გახდეს საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი.
მოხელის დისციპლინური გადაცდომებია:
- სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა;
- საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
- ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.
დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი.
დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ:
- დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;
- დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას;
- დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას;
- დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;
- მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე;
- დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა.
დისციპლინური წარმოება არის საჯარო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის სწრაფად და სრულად გამოვლენა და გადაცდომის თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა. დისციპლინური წარმოების დროს დაწესებულებამ უნდა მოიკვლიოს გადაცდომის ფაქტთან დაკავშირებული გარემოებები, მოიძიოს და გააანალიზოს მტკიცებულებები, დაადასტუროს გადაცდომის ფაქტის არსებობა-არარსებობა, გამოავლინოს გადაცდომის ჩამდენი პირი, მისცეს სამართლებრივი შეფასება მის ქმედებას და განსაზღვროს გადაცდომის თანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომა. დისციპლინური წარმოებისას დაწესებულებამ უნდა დაიცვას კანონის მოთხოვნები, პრინციპები, შესაძლებლობა მისცეს დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს, ისარგებლოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით, გააცნოს მას საქმის მასალები, მისცეს პოზიციის წარმოდგენის საშუალება, ასევე განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:
- გაფრთხილება;
- საყვედური;
- თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით;
- სამსახურიდან გათავისუფლება.