საჯარო სამსახურის პრინციპები და ღირებულებები
საჯარო სამსახურში ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული გარემოს შექმნა საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რაც გულისხმობს საჯარო დაწესებულების მიერ პრინციპებისა და ღირებულებების გათვალისწინებას მმართველობითი პროცესის ყველა ეტაპზე, მათ შორის ორგანიზაციულ სტრუქტურის შემუშავების, გადაწყვეტილების მიღებისა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას. საჯარო სამსახურში ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული გარემოს შექმნა უკავშირდება, როგორც კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და პრინციპებისა პრაქტიკაში დანერგვას, ასევე, არაფორმალური მართვის მეთოდებითა და მექანიზმებით ორგანიზაციული კულტურის შექმნასა და ჩამოყალიბებას. აღნიშნული ხელს უწყობს საჯარო სამსახურის განვითარებას, საჯარო მოსამსახურესა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის ჩამოყალიბებას, კეთილსინდისიერი სამუშაო კულტურის დანერგვასა და საჯარო მოსამსახურის უფლებების დაცვას.
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც ხელს უწყობს საჯარო სამსახურში ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული გარემოს ჩამოყალიბებას, კერძოდ, მათ შორისაა:
- კანონიერება
- ერთგულება
- კანონის წინაშე თანასწორობა
- ეკონომიურობა და ეფექტიანობა
- დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური
- მიუკერძოებლობა
- საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა
- ანგარიშვალდებულება
- პოლიტიკური ნეიტრალიტეტი
- კარიერული განვითარება
- გამჭვირვალობა და ღიაობა
- მოხელის სოციალური და სამართლებრივი დაცვა
საჯარო მოსამსახურეს შესაძლოა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას სხვადასხვა ღირებულებებს შორის არჩევანის გაკეთება ან/და მათი დაბალანსება მოუხდეს, რაც საჯარო დაწესებულების ჯანსაღი ორგანიზაციული გარემოს ჩამოყალიბებას განაპირობებს. საჯარო მოსამსახურე ღირებულებითი დილემის წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების დროს, მოქალაქეებთან, კოლეგებთან, სხვა საჯარო დაწესებულებებსა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისას.
2017 წლიდან, საჯარო სექტორში მოქმედებს „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის უმთავრესი მიზანია საჯარო სამსახურის სისტემაში ეთიკური გარემოს შექმნა, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას, საჯარო სამსახურისათვის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების პრაქტიკაში გატარების მიზნით და ხელს შეუწყობს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული, კეთილსინდისიერი და კოლეგიალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას.
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, საჯარო სამსახურის ბიურო 2015 წლიდან გეგმავს და ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, ტრენინგებს და ფორუმებს. გარდა ამისა, ბიუროს მიერ შექმნილია არაერთი პრაქტიკული სახელმძღვანელო, გზამკვლევი და ინფორმაციული ხასიათის საკომუნიკაციო მასალა, რომლებიც ხელმისაწვდომია ბიუროს ვებგვერდზე.
საჯარო სამსახურში ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული გარემოს შექმნა მჭიდრო კავშირშია საჯარო დაწესებულებაში არსებული ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკასა და მის პრაქტიკაში დანერგვასთან. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებებისა, საჯარო დაწესებულებამ შესაძლოა დამატებითი ძალისხმევა გასწიოს თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი ორგანიზაციული გარემოს შესაქმნელად და დასაქმების პროცესში თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, საჯარო დაწესებულებამ შესაძლოა დასაქმებული პირებისათვის სამუშაო პირობების მოქნილობისა და გაუმჯობესების გზით უზრუნველყოს თანამშრომელთა მოტივაციისა და სამუშაო გარემოთი კმაყოფილების დონის გაზრდა.
ზემოთ აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით, საჯარო სამსახურში ღირებულებებზე დაფუძნებული ორგანიზაციული გარემოს ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მყოფი პირების მიდგომებსა და ხედვებთან, ასევე, თანამშრომლებისთვის მიცემულ პირად მაგალითთან. სწორედ მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირები ქმნიან ღია და თავისუფალ გარემოს თანამშრომლების ინიციატივებისა და მოსაზრებების მოსასმენად, თავს არიდებენ თანამშრომლებისთვის არასამართლიანი უპირატესობის მინიჭებას და ზრუნავენ თანამშრომელთა საჭიროებების დაკმაყოფილებაზე. მენეჯერების მიერ ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, თავის მხრივ, პოზიტიურ გავლენას ახდენს არამენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირების ყოველდღიურ საქმიანობასა და მათ კეთილდღეობაზე.