Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

საჯარო სამსახურის მართვის სისტემა

საჯარო სამსახურის რეფორმა

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავი აწესრიგებს საჯარო სამსახურის მართვის ცენტრალიზებულ სისტემას, რომელიც არის ორდონიანი და მოიცავს საჯარო სამსახურის საბჭოს და საჯარო სამსახურის ბიუროს.

 

საჯარო სამსახურის საბჭო იქმნება საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით და წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს. მისი შემადგენლობა განისაზღვრება 11 წევრით და უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადით. საჯარო სამსახურის საბჭო უფლებამოსილია, განიხილოს წინადადებები საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფისათვის, მოისმინოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და ამ ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით შეიმუშაოს რეკომენდაციები.

 

საჯარო სამსახურის ბიურო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის სისტემის სრულყოფის, საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლის,  ანალიზის, ამ სფეროში არსებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკისა და სამოქმედო სტანდარტების განხორციელების მონიტორინგის, საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმის ამაღლების, ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობის, მართვის ეფექტიანობისა და შესაბამისი ინსტრუმენტების გაუმჯობესების, საჯარო სამსახურში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღირებულებებზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით. 

 

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. კანონმდებლობით განსაზღვრულია მისი წარმომადგენლობითი, მენეჯერული და სამართლებრივი აქტების გამოცემის ფუნქციები.

 

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობის შედეგები აისახება ბიუროს უფროსის ანგარიშში, რომელიც წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საჯარო სამსახურის საბჭოს. ბიუროს წლიური ანგარიში ქვეყნდება პროაქტიულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე.