საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციული მოწყობა
გამართული საჯარო მმართველობის სისტემა დემოკრატიული მმართველობის წინაპირობა და სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირების საფუძველია. კარგი საჯარო მმართველობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური წინსვლის მიმართულებით. ეფექტიანი საჯარო მმართველობის მიღწევის პროცესში კი მნიშვნელოვანია საჯარო მმართველობის პრინციპების რეალიზება, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ეროვნულ კონტექსტს.
მკაფიოდ ჩამოყალიბებული მისია-მიზნებითა და ძლიერი ორგანიზაციული სტრუქტურებით წარმოდგენილი საჯარო დაწესებულებების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. შესაბამისად,მიზანშეწონილია, მოხდეს საჯარო უწყებების ფუნქციებისა და სტრუქტურის ადაპტირება ევროკავშირის მიერ გაფართოების კანდიდატი ქვეყნებისთვის დადგენილ პრინციპებთან.
დადგენილი პრინციპების მიხედვით, საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობა ეფექტიანი უნდა იყოს ხელისუფლების ყველა დონეზე. საჯარო მმართველობა ორგანიზაციულად მოწყობილი უნდა იყო დაწესებულებების ცხადი და თანმიმდევრული ტიპოლოგიის შესაბამისად, მათი ძირითადი ფუნქციების საფუძველზე. საჯარო მმართველობის ორგანიზაციული სტრუქტურის კომპაქტურობა და რაციონალურობა ეფექტური მექანიზმების არსებობის საფუძველზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი. საჯარო დაწესებულებების შიდა ორგანიზაციული სტრუქტურა კი ხელს უნდა უწყობდეს ფუნქციების ეფექტურ შესრულებას და ჰორიზონტალურ კოორდინაციას, უფლებამოვალეობებისა და ანგარიშვალდებულების იერარქიის მკაფიო განსაზღვრის გზით.
მდგრადი, ძლიერი საჯარო დაწესებულებების ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციული მოწყობის პრინციპს, რომელიც უკავშირდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციულ მოწყობის კოორდინირებისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის ფუნქციას.
კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 104-ე მუხლი ეხება საჯარო დაწესებულების მოწყობის საკითხებს და საჯარო სამსახურის ბიუროს ავალდებულებს მეთოდური დახმარება გაუწიოს საჯარო დაწესებულებას ინსტიტუციურ მოწყობაში და შეიმუშაოს კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციები. აღნიშნული მანდატის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შემუშავების კვალდაკვალ მუშაობს. შემუშავებულია საჯარო დაწესებულებების ფუნქციური ანალიზის განხორციელების მეთოდოლოგია და ორგანიზაციული მოწყობის სახელმძღვანელო პრინციპები. პრინციპებს დაწესებულებებისთვის სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და ადგენს მნიშვნელოვან მინიმალურ სტანდარტს და წესს, რომელიც თითოეულმა დაწესებულებამ უნდა დაიცვას რეორგანიზაციის პროცესში.
ბიურო საკონსულტაციო და მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო უწყებებს საჯარო მმართველობის სფეროში შემავალი დაწესებულებების სტრუქტურის შესახებ, რათა საჯარო უწყებებმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ საჯარო დაწესებულებაში სტრუქტურული ერთეულების რაოდენობისა და ადამიანური რესურსების განაწილების საკითხებზე. ორგანიზაციული ანალიზი, როგორც თვითშეფასების მექანიზმი, ხელს უწყობს პროცესებში შემაფერხებელი ფაქტორების განსაზღვრას და ახალი მეთოდების დანერგვას საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისა და შემდგომი ადაპტაციის გზით. ფუნქციური და ინსტიტუციური ანალიზი არის საჯარო დაწესებულების ეფექტიანი მართვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ორგანიზაციული ხარვეზების უკეთ აღქმის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ბიურო ორგანიზაციულ ანალიზს სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს, რათა საჯარო დაწესებულებებში პროცესები წარიმართოს ეფექტიანად და უზრუნველყოფილ იქნას ორგანიზაციული მოწყობის საუკეთესო მოდელის დანერგვა.