Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng

საჯარო სამსახურის საზღვრები

საჯარო სამსახურის რეფორმა

საქართველოში ერთიანი საჯარო სამსახურის მოდელია, რომელიც არ მიჯნავს საჯარო სამსახურს სახელმწიფო ორგანოებსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში. საჯარო მმართველობა, როგორც ფუნქცია, მიუხედავად იმისა, თუ ხელისუფლების რომელი შტო ახორციელებს მას, ექცევა ერთიანი მოწესრიგების ფარგლებში.

 

საჯარო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის ნაწილს, რომელიც გვხვდება ხელისუფლების სამივე შტოს - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.

აღსანიშნავია, რომ  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ხსენებული კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა.

 

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ 2025 წლის 1 იანვრამდე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა გამონაკლისი სსიპ-ებისა) მიმართ, დადგენილია გარდამავალი პერიოდი. შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე არ ვრცელდება  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, გარდა კონკურსისა და სტაჟირების მომწესრიგებელი ნორმებისა (კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები, 34-ე მუხლის მე-6 პუნქტი, 35-ე, 36-ე და 39-ე–43-ე მუხლები, 84​1 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები, მე-5 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტები და მე-6 და 6​1 პუნქტები და 84​2 მუხლი). მოცემული გამონაკლისების გარდა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხებისა) წესრიგდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საჯარო სამსახურის ერთიან სისტემაში საჯარო სამსახური ხორციელდება საჯარო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირების მიერ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (გარდამავალ პერიოდში მათზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი) საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საჯარო მოსამსახურის სტატუსის ქვეშ მოიაზრება პროფესიული საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. მათგან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს ძირითადი შინაარსი მდგომარეობს პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურში მიღების, სამსახურის გავლის და მისი სამართლებრივი, სოციალური დაცვის გარანტიების შექმნის და დისციპლინული წარმოების საკითხების განსაზღვრაში.

 

რაც შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირსა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, მათზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება ამავე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების ფარგლებში არ ექცევიან სახელმწიფო მოსამსახურეები.