Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
ეთიკა

საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურში მხილების პროცესის ორგანიზაციულ ხელშეწყობას განახორციელებს

icon 06 ნოე 2015

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის V1 თავი არეგულირებს საჯარო სამსახურში მხილებისა და მამხილებლის დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.

მხილება მიზნად ისახავს კორუფციულ სამართალდარღვევათა სფეროში შესაბამისი ფაქტების გამოვლენის ხელშეწყობას და მათზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების დამკვიდრებას.

მხილება გულისხმობს უფლებამოსილი ორგანოს/პირის ინფორმირებას საჯარო მოსამსახურის (მხილებულის) მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, საჯარო სამსახურის პრინციპებთან შეუთავსებელი, ან არაეთიკური ქცევის ფაქტებზე სათანადო რეაგირებისა და მისი პრევენციის მიზნით.

საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 27 ოქტომბერს მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება ნორმა, რომლის შესაბამისად, შესაძლებელია მხილება განხორციელდეს ელექტრონულად, სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. მხილება კეთილსინდისიერი უნდა იყოს და უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის პრევენციას, გამოვლენას ან აღკვეთას ან/და საჯარო ინტერესის დაცვას.

სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო მუშაობს მხილების ელექტრონული მექანიზმის შექმნაზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საკანონმდებლო რეგულაციის ამოქმედებასთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე www.mkhileba.gov.ge და მამხილებლისათვის უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში სამართალდარღვევის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების შესაძლებლობას.

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ვებგვერდზე მამხილებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეუფერხებლად მიეწოდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს, შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილ პირს, დაწესებულების მიერ საამისოდ განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

 

გამოგადგათ ინფორმაცია