Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარირება

საკანონმდებლო ცვლილებების განმარტება თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესთან დაკავშირებით

icon 20 ოქტ 2015

საჯარო სამსახურის სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და სტაბილურობისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობის პირი ვალდებულია უზრუნველყოს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესი და პროცედურა რეგულირებულია სამართლებრივი მექანიზმებით.


თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ელექტრონულად წარედგინება სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს, რომელიც ახორციელებს დეკლარირების პროცესის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას.


არსებული საკანონმდებლო რეგულირების თანახმად, თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის წარდგენის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა ევალება დაწესებულების საკადრო სამსახურს, რომელიც შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა საჯარო სამსახურის ბიუროს წერილობით აწვდის ინფორმაციას პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. სწორედ ამგვარი შეტყობინების საფუძველზე გადასცემს ბიურო შესაბამის თანამდებობის პირს დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენისათვის საჭირო რეკვიზიტებს-მომხმარებლის სახელსა და პაროლს.


დაწესებულების საკადრო სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას მის მიმართ და მას უნარჩუნდება ვალდებულება, სათანადო წესით აცნობოს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს პირის თანამდებობაზე დანიშვნის, ან გათავისუფლების შესახებ. თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ვადაში წარუდგენლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას-ჯარიმის დაკისრებას 1000 ლარის ოდენობით.


თანამდებობის პირი ვალდებულია:

 

  • თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში წარადგინოს საჯარო სამსახურის ბიუროში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია;
  • თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელშიც აისახება თანამდებობის პირის მიერ წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ცვლილება;
  • თანამდებობის დატოვებიდან ორი თვის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.


    2015 წლის 30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი. საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმოწერისთანავე ამოქმედდება, ახლებურად არეგულირებს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ:

  • პირის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების შესახებ ბიუროს ინფორმირების ტვირთი არსებითად გადადის თანამდებობის პირზე.

 

ამგვარი მიდგომა განპირობებულია თანამდებობის პირის მანდატის მნიშვნელობითა და მისი ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით.
საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, დეკლარაციების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაშვებისათვის რეკვიზიტებს ბიურო გასცემს არამხოლოდ დაწესებულების საკადრო სამსახურის, არამედ თავად თანამდებობის პირის მოთხოვნით. კანონმდებლობით დაკისრებული ზემოაღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად, თანამდებობის პირი პირადად ან საკადრო სამსახურის უფლებამოსილი პირის მეშვეობით მიმართავს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დეკლარაციების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ოპერირებისათვის საჭირო რეკვიზიტების მისაღებად. საკანონმდებლო ცვლილების ამოქმედების მომენტიდან, თანამდებობის პირი ინდივიდუალურად აგებს პასუხს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესის დარღვევისათვის.

 

  • საკანონმდებლო ცვლილებით, განისაზღვრა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვადის ათვლის წესი, იმ შემთხვევაში, როდესაც თანამდებებობის პირის მიერ დაირღვა დეკლარაციის წარდგენის ვადა.

 

არსებული რეგულირებით, თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში, იგი ვალდებულია დეკლარაცია წარადგინოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ან სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინების ) კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში. ამგვარი საკანონმდებლო რეგლამენტაცია არ არის სრულყოფილი, რადგან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების ვადის გასვლის შემთხვევაში, არ განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც დეკლარანტი ვალდებულია წარადგენოს დეკლარაცია. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა, რომ: თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოცემის ვადის გასვლის შემთხვევაში, დეკლარაციის შევსების ორთვიანი ვადის ათვლა დაიწყება მისი თანამდებობაზე განწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ინფორმაციის ბიუროსათვის შეტყობინების მომენტიდან.

  • დარეგულირდა თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის შევსების პროცესში ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემის არასწორად ასახვით დაშვებული ხარვეზის გასწორების წესი, რომლის შესაბამისადაც:

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისათვის გათვალისწინებული ვადების ფარგლებში, ბიურო უფლებამოსილია, პირს განუსაზღვროს დამატებით 48 საათიანი ვადა დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების რედაქტირებისათვის.


მითითებული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ქვეყნდება და საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდება დადგენილი წესით, შესაბამისად, ხარვეზის გასასწორებლად განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გაშვების შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ თანამდებობის პირის მიერ დაირღვა დეკლარაციის წარდგენის წესი.
დაინტერესებული პირის მიერ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 2 19 28 28; 2 19 27 27
ან ელექტრონულ მისამართებზე: www.declaration.gov.ge , www.info@csb.gov.ge
სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო მადლობას გიხდით ღია და გამჭვირვალე საჯარო მმართველობის მხარდაჭერისთვის!

გამოგადგათ ინფორმაცია