Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარაციების მონიტორინგი

გრძელდება მსჯელობა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვის საკითხზე

icon 13 სექ 2013

საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით გაიმართა მორიგი მრგვალი მაგიდა თემაზე: “თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა საქართველოში“. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა ამა წლის 16 ივლისს გამართული მრგვალი მაგიდის ერთგვარ გაგრძელებას, სადაც მონიტორინგის საკითხთან ერთად მოწვეულმა სტუმრებმა აქტიურად განიხილეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმაც და მასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

ღონისძიებაზე საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა - ირაკლი კოტეტიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შემუშავების აუცილებლობას. მან მონაწილეებს გააცნო 16 ივლისს გამართული მრგვალი მაგიდის შედეგები და ისაუბრა სამომავლო ნაბიჯებზე.

შეხვედრაზე მოხსენება გააკეთა მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ქონებრივი დეკლარაციების საკითხებში - ლაურა პოპმა. ასევე, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) გამგეობის თავმჯდომარემ - ლევან ავალიშვილმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა - თამარ ქალდანმა. მათ დეტალურად განიხილეს საქართველოში არსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ფორმა და წარმოადგინეს აღნიშნული ფორმის დეტალური ანალიზი და პრაქტიკული რეკომენდაციები. დეკლარაციის ფორმის დახვეწის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოსაზრებები გამოთქვეს შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც.

საჯარო სამსახურის ბიურო აგრძელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის საკითხზე მუშაობას და მომავალშიც გეგმავს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას.

გამოგადგათ ინფორმაცია