Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარირება

გაფართოვდა იმ თანამდებობის პირთა წრე, ვისთვისაც სავალდებულოა დეკლარაციების შევსება

icon 27 დეკ 2013

საჯარო სამსახურის ბიურომ გაითვალისწინა “ღია მმართველობის პარტნიორობის” ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეკომენდაციები. ასევე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები და მოამზადა კანონპროექტი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ. ცვლილება კანონში (N1661-Iს) 2013 წლის 29 ნოემბერს შევიდა და ის 2014 წლის 14 იანვრიდან ამოქმედდება.

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, გაფართოვდა იმ თანამდებობის პირთა წრე, ვისთვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსება და ელექტრონულ დეკლარაციების სისტემაში საჯაროდ გამოქვეყნება ვებგვერდზე - www.declaration.gov.ge. კერძოდ, შემდეგი თანამდებობის პირებს დაეკისრათ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება:

    • სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელის მოადგილეები;
    • სამინისტროს სამმართველოების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
    • საქართველოს საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელის მოადგილეები;
    • ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი (გარდა რელიგიური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის შექმნილი) და მათი მოადგილეები;
    • სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და იმ საწარმოების ხელმძღვანელებს, რომლის აქციათა ან წილის 100 პროცენტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; აგრეთვე საწარმოთა შვილობილი საწარმოების ხელმძღვანელებს.

თანამდებობათა კონკრეტული ჩამონათვალის დამტკიცება უნდა მოხდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

სადეკლარაციო თანამდებობათა სია თანდათანობით იზრდება და დღეისთვის უკვე 3 200–ზე მეტ თანამდებობის პირს ეკისრება დეკლარაციის შევსების ვალდებულება. თუმცა, კვლავ აუცილებელია მოხდეს იმ პირთა უფრო ფართო წრის შექმნა, რომლებიც კორუფციის უფრო მაღალი რისკის შემცველ პოზიციებზე იმყოფებიან და მათ დაეკისროთ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსების ვალდებულება.

 

გამოგადგათ ინფორმაცია