Loading
ქარ
Eng
ქარ
Eng
დეკლარაციების მონიტორინგი

გაიმართა შეხვედრები ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით

icon 17 მარ 2014

საჯარო სამსახურის ბიუროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით მიმდინარე წლის 12-14 მარტს გაიმართა სამუშაო შეხვედრები თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით.

მონიტორინგის საკითხზე საჯარო სამსახურის ბიურომ მუშაობა დაიწყო 2012 წელს. ჩატარდა კვლევა და ორი მრგვალი მაგიდა საერთაშორისო ექსპერტის, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 ივლისის N775 განკარგულებით, ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში, საჯარო სამსახურის ბიუროს დავალებული აქვს, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს მოსაზრებები მონიტორინგის სისტემის შექმნასთან დაკავშირებით.

ბიურო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და გეგმავს კონკრეტული წინადადებების მომზადებას საერთაშორისო ექსპერტი ტილმან ჰოპეს დახმარებით, რომელიც დიდი ხანია ამ მიმართულებით ევროკავშირისა და სხვა ორგანიზაციების ეგიდით მუშაობს. შეხვედრების მიზანი იყო დეკლარაციების სისტემის კუთხით არსებული სიტუაციის გაცნობა (სამართლებრივი და ტექნიკური მხარე, რესურსები). მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ექსპერტი მოამზადებს რეკომენდაციებს მონიტორინგის სისტემასთან დაკავშირებით.

მისიის ფარგლებში ინდივიდუალური შეხვედრები გაიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს, მთავრობის კანცელარიის, იუსტიციის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ექსპერტის რეკომენდაციების საფუძველზე, საჯარო სამსახურის ბიურო მოამზადებს კონკრეტულ წინადადებებს რომელსაც წარუდგენს საქართველოს მთავრობას განსახილველად. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესს, რაც უზრუნველყოფს თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების განმტკიცებას ხალხის წინაშე და მეტ ფინანსურ გამჭვირვალობას.

გამოგადგათ ინფორმაცია