2015 წლის 30 ივნისს, ქალაქ ბათუმში, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ასტანის საჯარო სამსახურის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა


გააზიარე:


2015 წლის 30 ივნისს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ასტანის საჯარო სამსახურის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში გაიმართა ორდღიანი კონფერენცია - "ანტიკორუფცია და ერთიანობა - ასტანის საჯარო სამსახურის რეგიონული ჰაბის მონაწილე ქვეყნების გამოცდილება (საქართველოს მაგალითი)".

კონფერენცია გახსნა ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამების ხელმძღვანელმა ნათია ნაცვლიშვილმა და ასტანის საჯარო სამსახურის რეგიონული ჰაბის თავმჯდომარემ ალიხან ბაიმენოვმა. ასტანის საჯარო სამსახურის რეგიონული ჰაბის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის სახლის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლები და ბიუროს მოწვეული ექსპერტი, რომლებმაც მიმოიხილეს საქართველოში ანტიკორუფციული სისტემები, საჯარო სამსახურში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, მამხილებლის ინსტიტუტის დაცვა, სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, ელექტრონული მმართველობის სისტემები და სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი. ბიუროს მოწვეულმა ექსპერტმა პაატა ტურავამ ასევე ისაუბრა საქართველოს პოლიციის სისტემაში ანტიკორუფციული მიღწევების შესახებ, რაც მოიცავდა 2003 წლამდე და მას შემდეგ კორუფციის გამომწვევი მიზეზების, ფაქტორების, განხორციელებული ღონისძიებებისა და რეფორმის წინადადებების შესახებ ინფორმაციას.

კონფერენციის მეორე დღე დაეთმო ასტანის საჯარო სამსახურის რეგიონული ჰაბის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლების პრეზენტაციებს.

კონფერენციის ფარგლებში განხორციელდა მონაწილეების ვიზიტი ბათუმის იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების მიწოდების ნოვატორული პროექტისა და მისი მუშაობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით.

პროექტი განხორციელდა შვედეთის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.