„საჯარო სექტორის მიმართ გაზრდილია ახალგაზრდების, როგორც ცნობიერება, ისე ინტერესი“ - ეკატერინე ქარდავა


გააზიარე:


„სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის საშუალებით, საჯარო სექტორმა კარი გაუღო ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს. შეიქმნა ახალგაზრების განვითარების, მათი პროფესიულად გაზრდისა და ერთმანეთში კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნშვნელოვანი ინსტრუმენტი. ხოლო "ეთნიკურ უმცირესობათა შორის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის“ კამპანიის საშუალებით, სტაჟირების პროგრამა განვავითარეთ ეთნიკური უმცირესობების მიმართულებითაც“ - განაცხადა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ეკატერინე ქარდავამ პრეზენტაციაზე, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა შორის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის საინფორმაციო კამპანიის შედეგებს მიეძღვნა.

კამპანია 2017 წლიდან მოქმედი „1+4 პროგრამით“ მოსარგებლე სტუდენტებისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და მისი მიზანია საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა ჩართულობისა და ინტეგრაციის გაზრდა ქვეყნის საჯარო სამსახურში.

ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ. გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ბიუროს როლზე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად, ახალგაზრდებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც ცნობიერება, ისე ინტერესი საჯარო სექტორის მიმართ. ეკატერინე ქარდავამ ყურადღება გაამახვილა 1+4 პროგრამით მოსარგებლე სტუდენტების მონაწილეობის აუცილებლობაზე სტაჟირების პროგრამაში მათი ინტეგრაციისა და ქვეყნის კეთილდღეობაში ჩართულობისთვის.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოციალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ სირბილაძემ.

გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ხელმისაწვდომობის საკითხზე უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის განვითარება უნდა იყოს ინკლუზიური, საზოგადოების ყველა წარმომადგენლის ჩართულობით.