ტრენინგის - „მენეჯმენტი და ლიდერობა საჯარო სამსახურში“ შემაჯამებელი ღონისძიება


გააზიარე:


2018 წლის 14 ნოემბერს ტრენერთა ტრენინგის - „მენეჯმენტი და ლიდერობა საჯარო სამსახურში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ტრენინგების კურსი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“ მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, გადამზადდნენ საჯარო უწყებების მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლები, რომელთაც მოიპოვეს საჯარო სამსახურში მენეჯმენტისა და ლიდერობის თემატიკაზე ტრენინგების ჩატარების უფლება. ტრენერთა ტრენინგს უძღვებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb academie) რექტორი და ამავე აკადემიის ტრენერები.

ტრენინგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის მიმდინარე რეფორმის პროცესში, პროფესიულ საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის N242 დადგენილებით დამტკიცებული პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესი და პროფესიული განვითარების სტანდარტი საჯარო დაწესებულების მიერ მოხელის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულებას ითვალისწინებს. აღნიშნული კურსის ფარგლებში გადამზადებული ტრენერები ჩაატარებენ ტრენინგებს მართვისა და ლიდერობის საკითხებთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო მეტ მენეჯერს მისცემს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობას.

ტრენინგის მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა ნათია მიქელაძემ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჯარო მოხელეთა აკადემიის (dbb academie), საჯარო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.