საჯარო სამსახურის რეფორმის შედეგების შეჯამება


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წელს საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერის მიზნით შესრულებული სამუშაოს შედეგები შეაჯამა. ფართომასშტაბიანი კონფერენცია, რომელიც 19 დეკემბერს გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში - ლუიზა ვინტონმა და ჯასტინ მაკკენზი სმიტმა - დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საჯარო მმართველობის რეფორმისა და მისი მნიშვნელოვანი კომპონენტის, საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებას და აღნიშნა, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს ახალი კანონი ქმნის ერთიანი, პროფესიული, მერიტოკრატულ პრინციპზე დაფუძნებული, პოლიტიკისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურის განმტკიცებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში, პროფესიული საჯარო მოხელე არის მთავარი ბირთვი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან დასაყრდენს, მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გასაზრდელად კი მუდამ პრიორიტეტად რჩება საქართველოს მთავრობისთვის.

პრემიერ-მინისტრი პროფესიული საჯარო მოხელის დღის დაწესების ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ დაფასებული უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მრავალი წელია ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგანან.

ღონისძიების ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ ჯილდოები გადასცა საჯარო სამსახურში ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების მქონე მოხელეებს და მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურისათვის.

ასევე გაიმართა 2018 წელს ჩატარებული ორი კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება - "შენი იდეა ბიუროს" და "ახალგაზრდები საჯარო სამსახურის განვითარებისათვის".

ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის, შვედეთისა და დანიის მთავრობების მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა და ღონისძიების ფარგლებში აუდიტორიას წარედგინა სახელმძღვანელოები და ვიდეოები:

დისციპლინური წარმოება საჯარო სამსახურში


საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის სახელმძღვანელო პრინციპები


ინტერესთა შეუთავსებლობა საჯარო სამსახურში


საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია


საჩუქარი საჯარო სამსახურში