საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის ბრძანებით დამტკიცდა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქცია


გააზიარე:


2018 წლის 15 ნოემბრის ბრძანებით სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა დაამტკიცა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქცია, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელოს იმ პირთათვის, რომელთაც „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და „თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 თებერვლის №139 დადგენილების შესაბამისად, ეკისრებათ დეკლარაციის შევსების ვალდებულება.

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო 2017 წლის 1 დეკემბრიდან ახორციელებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომაროების დეკლარაციების მონიტორინგს, რომლის მიზანია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სისწორის შემოწმება, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და პრევენცია. მონიტორინგის განხორციელების პროცესში გამოვლენილმა უზუსტობებმა და დარღვევების სისტემურმა ხასიათმა განაპირობა ინსტრუქციის არსებული ვერსიის განახლება და შევსების პროცესის უფრო გამარტივება. განახლებულ ინსტრუქციაში დეტალურად არის განხილული თუ როგორ უნდა მოხდეს თანამდებობის პირთა მიერ დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა ასახვა და კონკრეტულად რა მონაცემები უნდა იქნეს დეკლარირებული. ინსტრუქციის მიზანია თანამდებობის პირებს მაქსიმალურად გაუმარტივდეთ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსება და მომავალში დეკლარაციების მონიტორინგის ფარგლებში თავიდან იქნეს აცილებული უზუსტობების გამოვლენა.

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქცია