საჯარო სამსახურის ბიურომ ფოკუს ჯგუფს უმასპინძლა


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიურო აგრძელებს მის მიერ გასულ თვეს დაანონსებული ინოვაციური პროექტის მოსამზადებელ აქტივობებს.

აღნიშნული ტიპის პროექტი საქართველოში პირველად ჩატარდება და ის საჯარო მოხელეებს საშუალებას მისცემს განავითარონ საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები, მიიღონ შესაბამისი ცოდნა, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, გაითავისონ საერთო ღირებულებები და შეიმუშავონ გუნდური მუშაობის პრინციპები (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული I; ბმული II).

ამ მიზნით ბიურომ საჯარო მოხელეებისგან დაკომპლექტებულ მორიგ ფოკუს ჯგუფს უმასპინძლა. პროექტის გუნდმა შეხვედრაში მონაწილე სტუმრებს კიდევ ერთხელ შეახსენა პროექტის იდეა და კონცეფცია, რის შემდეგაც მათ ეთხოვათ გასული ფოკუს ჯგუფების შედეგად განსაზღვრული თემატური საკითხების პრიორიტეტიზაცია, გასამართი ღონისძიებების ფორმატისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შემუშავება.

პროექტი „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდება.