საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლების ვიზიტი ესტონეთში


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიურო, ესტონეთის პოლიტიკის კვლევების ცენტრის დახმარებითა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - „საჯარო მოხელეთა სწავლების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს საჯარო მოხელეთა სწავლების საჭიროებების იდენტიფიცირებისათვის ერთიანი ფორმის შემუშავებასა და მის ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრირებას.

პროექტის პირველი ფაზა მოიცავდა საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის შესწავლას და არსებული გამოწვევების გამოვლენას. ამ მიზნით, ესტონელმა ექსპერტებმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გამართეს შეხვედრები სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც შეიმუშავეს საჯარო მოხელეთა სწავლების მართვის ელექტრონული სისტემის კონცეფციის სამუშაო დოკუმენტი.

ესტონეთის გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიული განვითარების სისტემის გაცნობის მიზნით, მიმდინარე წლის 27-30 მაისს, საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები, ასევე ხუთი სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სსიპ - საფინანსო ანალიტიკური სამსახურის პროექტის მენეჯერი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ ქ.ტალინში. შეხვედრაზე ესტონეთის სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მენეჯერმა და ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მონაწილეებს გააცნეს ესტონეთის საჯარო სამსახურის სწავლების სისტემა და ესტონეთის გამოცდილება საჯარო მოხელეთა სწავლების ელექტრონული სისტემის მართვის კუთხით.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ექსპერტების მიერ შემუშავებული კონცეფციის სამუშაო დოკუმენტის განხილვას. მონაწილეებმა, ესტონელ ექსპერტებთან ერთად, იმსჯელეს დოკუმენტის სტრუქტურაზე, მასში შესაძლო ცვლილებების შეტანის თაობაზე და შეთანხმდნენ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე.