საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო დოკუმენტბრუნვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო


გააზიარე:


2011 წლის 19 სექტემბერს, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ირაკლი კოტეტიშვილმა და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა გიორგი ხაჩიძემ სამინისტროში დოკუმენტბრუნვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ამოქმედების შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

ამ ელექტრონული პროგრამის ამოქმედების შემდეგ ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის მოქალაქეთა განცხადებები სამინისტროს სისტემაში იმოძრავებს ელექტრონული ფორმით, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს დოკუმენტების ოპერატიულად მიღწევას ადრესატამდე, მის დამუშავებასა და რეაგირებას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის საშუალებით გაადვილდება ურთიერთობა სამინისტროს რეგიონალურ სამსახურებში, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და ელექტრონულ პროგრამაში ჩართულ სხვა სამინისტროებს შორის. დოკუმენტების მიმოცვლა მოხდება ელექტრონულად, რაც თავისთავად დაზოგავს დროსა და მატერიალურ ხარჯებს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვა ნაწილია იმ მასშტაბური პროგრამისა, რომელსაც საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს და რომელიც გულისხმობს ყველა სახელმწიფო უწყების ეტაპობრივ გადასვლას დოკუმენტბრუნვის ერთიან ელექტრონულ სისტემაზე.