სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება


გააზიარე:


პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის დამკვიდრებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია საჯარო მოხელის მუდმივი სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა შემდეგი პრინციპების საფუძველზე:

    • ყველა საჯარო მოხელეს უნდა მიეცეს განვითარების საშუალება როგორც უწყების შიგნით, ასევე მის გარეთ;

    • საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა დაადგინოს იმ დაწესებულებათა აკრედიტაციის სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჯარო მოხელეების სწავლებასა და ტრეინინგ-საჭიროებების განსაზღვრას. სტანდარტების დამტკიცება უნდა მოხდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში, სწავლება და სტანდარტების შემუშავება (რომელიც უნდა შეითანხმოს და დაამტკიცოს ბიურომ) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებულმა სსიპ “ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრმა”;

    • ცენტრალური ხელისუფლების მაღალი რანგის საჯარო მოხელეების სწავლების მიზნით, შესაძლებელია დაარსდეს მთავრობის მიერ დაფინანსებული და მართული ერთიანი სასწავლო ცენტრი, რომელსაც დაეკისრება, ასევე, ტრეინინგ-საჭიროებების ანალიზის ჩატარების ვალდებულება;

    • საშუალო და ქვედა დონის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას განახორციელებენ კერძო პროვაიდერები, სხვადასხვა სასწავლო ცენტრები საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ შემუშავებული ერთიანი სტანდარტის შესაბამისად, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევებში, დარგობრივ ტრეინინგ-საჭიროებებს განსაზღვრავენ თავად პროვაიდერები შესაბამისი საჯარო დაწესებულების მოთხოვნების სპეციფიკის გათვალისწინებით;

    • საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა დაადგინოს ერთიანი სტანდარტის ხარისხის კონტროლი და სწავლების შეფასების შედეგების შეფასება. ასევე, გამოაქვეყნოს ტრეინინგ-აქტივობების წლიური ანგარიში, დახარჯული სახსრების, მონიტორინგის შედეგების და საბოლოო შეფასებების თაობაზე.

შესაძლებლობების განვითარების მიზნისთვის წლიური სახელფასო ბიუჯეტის ფიქსირებული პროცენტული ოდენობა უნდა განისაზღვროს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით. აღსანიშნავია საბიუჯეტო ერთეულების უფლებამოსილება მიიღონ გადაწყვეტილება შესაძლებლობების განვითარების მიზნებისათვის დადგენილი ბიუჯეტის განკარგვის თაობაზე ძირითადი რეგულაციების პირობების გათვალისწინებით.

შესაძლებლობების განვითარება სხვადასხვა საშუალებითაა შესაძლებელი. მათ შორისაა ელექტრონული ან კომპლექსური სწავლება, სტაჟირება, დროებითი მივლინება და სასწავლო ტურები, მიზნობრივი მენტორინგი, კონკრეტულ საკითხზე ფოკუსირებული ქსელური ღონისძიებები ან სპეციალური დავალებები პროექტის ფარგლებში.