საჯარო სამსახურში მიღება


გააზიარე:


მნიშვნელოვანია ერთიანი წესის არსებობა, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე, თვითმმართველობის დონეზე. პროფესიული მოხელის სამსახურში მიღების ერთიანი სტანდარტი არის გარანტი და წინაპირობა თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვისა და საჯარო მოხელეთა მობილობის განხორციელების ქმედითი ინსტიტუტის დამკვიდრებისთვის. გამჭვირვალე და მერიტოკრატულ პრინციპებზე დაფუძნებული სამსახურში აყვანის პროცესი. კონკრეტული დებულებები განსაზღვრავენ საჯარო სამსახურში მისაღებად საჭირო ობიექტურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და სამსახურში მიღების წესებს.

პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა უნდა მოხდეს ე.წ. დახურული სისტემით (მოძრაობა ქვევიდან ზემოთ), რაც გულისხმობს საჯარო სამსახურის ქვედა პოზიციიდან კარიერული ზრდის პრინციპით, შეფასების შედეგებისა და დაგროვილი ცოდნა-გამოცდილების გათვალისწინებით, გადანაცვლებას ზედა საფეხურებზე. იერარქიის ქვედა საფეხურზე ვაკანტური თანამდებობები ღია კონკურსის წესით უნდა შეივსოს, ხოლო ვაკანსიების შევსება მაღალ თანამდებობებზე უნდა მოხდეს შიდა კონკურსის საფუძველზე.

შიდა კონკურსის გამოცხადება გულისხმობს კადრის მოძიებას დაწესებულების მასშტაბით, ან, თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ მთლიანად საჯარო სამსახურის მასშტაბით გამოცხადდება კონკურსი. ამასთან აღსანიშნავია, რომ დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებმა შესაძლებელია ანალიზის შედეგად დაასკვნან, რომ აზრი არ აქვს შიდა კონკურსის გამოცხადებას დაწესებულებაში შესაბამისი კადრების არარსებობის გამო და ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია ბიუროსთან შეთანხმებით გამოცხადდეს ღია კონკურსი.

საჯარო სამსახურში შესვლის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დადგინდეს მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების სტანდარტი, რომლის შესაბამისადაც თითოეული საჯარო დაწესებულება შეიმუშავებს შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და შესათანხმებლად გადაუგზავნის საჯარო სამსახურის ბიუროს.

დიდი მნიშვნელობა აქვს კანონში საკონკურსო კომისიის შექმნის წესის, საქმიანობის ფარგლების, გადაწყვეტილების მიღების პროცედურისა და წესის ნათლად გაწერას, თანამდებობაზე დანიშვნისას სამსახურებრივი შეუთავსებლობის პირობების დადგენას, საჯარო სამსახურში მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წინასწარ “საკვალიფიკაციო გამოცდის”, ე.წ. სერტიფიცირების ჩატარებას.

სამსახურში მიღების რეგულაციებით, აგრეთვე განისაზღვრება სახელმწიფოსა და საჯარო მოხელეს შორის შრომითი ურთიერთობის კონკრეტული ფორმა და ამისათვის საჭირო უფლებამოსილება.