საჯარო სამსახურის საზღვრები


გააზიარე:


საჯარო სამსახურის შესახებ კანონი უნდა იყოს ზოგადი და გავრცელდეს საჯარო სამსახურის მთელ სისტემაზე. ცალკეულ სფეროებში (თავდაცვა, პოლიცია, საგარეო საქმეთა) სპეციალური კანონებით უნდა მოწესრიგდეს ის თავისებურებები, რაც ახასიათებს ამ დარგებს.

დამტკიცებული კონცეფციის მიერ შემოთავაზებული მიდგომა ემყარება მოხელის ინსტიტუტს, რომელიც საჭიროებს კლასიფიკაციას:

პროფესიული საჯარო მოხელე - პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება ან ირჩევა საჯარო მმართველობის განმახორციელებელ დაწესებულებაში შტატით გათვალისწინებულ საჯარო მოხელის თანამდებობაზე. აღნიშნული კატეგორიის მოხელე თავის პროფესიულ კარიერას იწყებს საჯარო სამსახურში ქვედა საფეხურიდან და დაწინაურდება თავისი პროფესიული ცოდნის, გამოცდილებისა და შეფასების სისტემის შედეგების გათვალისწინებით. პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი დაფუძნებულია კარიერის პრინციპზე და აღნიშნული სტატუსის მქონე მოხელეები დაცული არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან. პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი არის საჯარო სამსახურის სტაბილურობის გარანტი.

ადმინისტრაციული შრომისსამართლებრივი ურთიერთობა - პირები, რომლებიც საჯარო მმართველობის განმახორციელებელ საშტატო თანამდებობაზე ინიშნებიან პოლიტიკური თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადით ან უვადოდ, რადგან მათ უკავიათ ისეთი თანამდებობა, რომლის ფუნქციათა განხორციელებაც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეხედულებებსა და მიზნებს უნდა შეესაბამებოდეს. ამ შემთხვევაში, არსებითია არა პირის კარიერული წინსვლის შედეგად მიღებული გამოცდილება, არამედ ის კვალიფიკაცია და უნარები, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებაში მხარდასაჭერად.

ტექნიკური/დამხმარე პერსონალი - მათი საქმიანობა საჯარო დაწესებულებისთვის არსებითი მნიშვნელობისაა. ფუნქციებიდან გამომდინარე, მათზე ვრცელდება საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, ამიტომ ისინი ექცევიან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოწესრიგების სფეროში, თუმცა მათსა და საჯარო დაწესებულებას შორის ურთიერთობა შრომითსამართლებრივია და, შესაბამისად, შრომის კოდექსით უნდა მოწესრიგდეს.

მმართველობით სსიპ-ში დასაქმებულების კლასიფიკაციის კრიტერიუმად უნდა გამოვიყენოთ ორგანიზაციის შიგნით საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების (გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების) გადანაწილების ფორმა. საჯარო სამართლებრივი მმართველობითი ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამშრომლები სრულად უნდა მოექცეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მოქმედების სფეროში, ხოლო ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც ფუნქციურად არ ჩაითვლება მმართველობით საქმიანობად, სრულად დაექვემდებარებიან შრომის კანონმდებლობას.

შენიშვნა: საჯარო სამსახურის შესახებ კანონი არ უნდა გავრცელდეს პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. კანონმა უნდა გაყოს ხელისუფლების პოლიტიკური და ადმინისტრაციული ნაწილი; კანონით უნდა განისაზღვროს საჯარო პოლიტიკის განხორციელების ძირითადი მიმართულებები.