საჯარო სამსახურის განმარტება


გააზიარე:


საჯარო სამსახურად ითვლება სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სამსახური, რომელიც დაკავშირებულია მმართველობითი (ადმინისტრაციული) ფუნქციების განხორციელებასთან. მმართველობითი ფუნქციები გვხვდება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების შტოებში, ასევე თვითმმართველობის დონეზე და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში.

განახლებული საჯარო სამსახურის მოწყობის მოდელი ემყარება საჯარო სამსახურის ე.წ. „კლასიკურ“ გაგებას: საჯარო მოხელე არის საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირი, რომელიც ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. საჯარო მმართველობის განმახორციელებელი სუბიექტების განსაზღვრისათვის აუცილებელია მათგან გავმიჯნოთ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობების პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკური თანამდებობის პირები და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები - მოსამართლეები, რომლებიც არ ახორციელებენ საჯარო მმართველობას.