საჯარო მოხელეების მართვა


გააზიარე:


საჯარო სამსახურის მართვა გულისხმობს შეფასების სისტემის თანახმად მოხელის კვალიფიკაციის დადგენის, დაწინაურების, ასევე, სხვადასხვა სახის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიების ერთობლიობას.

არსებულ ატესტაციის სისტემას ცვლის მოხელის ყოველწლიური შეფასება, ერთიანი როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე და ასევე სხვა დაწესებულებისათვის, რომელზეც გავრცელდება კანონი საჯარო სამსახურის შესახებ.

ატესტაციის პროცესის დაგეგმვის დროს გასათვალისწინებელია, რომ პრინციპული განსხვავებაა ატესტაციისა და კონკურსის მიზნებს შორის. ატესტაციის შემთხვევაში ხდება მოხელის საქმიანობის შეფასება, ხოლო კონკურსის პროცესში განისაზღვრება კანდიდატის შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობა დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან და აგრეთვე – მოტივაციის დონე.

სამსახურებრივი დაწინაურების და კვალიფიკაციის ამაღლების ძირითადი პრინციპები და წესები ნათლად უნდა გაიწეროს კანონში, ხოლო მისი უზრუნველყოფის კონკრეტული პირობები დეტალურად უნდა დადგინდეს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ, შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში. რაც უზრუნველყოფს საჯარო მოხელეების დამსახურებისა და შეფასების სისტემის შედეგების გათვალისწინებით თანამდებობაზე დანიშვნის გამჭვირვალე და სამართლიან პროცესს.

მნიშვნელოვანია კანონში საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის მექანიზმების არსებობა. რეორგანიზაციის პროცესის მიზანი არ უნდა იყოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნა. დაწინაურების ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით კანონში დეტალურად უნდა გაიწეროს დაწინაურების დამატებითი პირობები, შეფასების შედეგები, ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის კრიტერიუმები და სხვა. ლიკვიდაციის ან კადრების შემცირების გამო განთავისუფლებულ მოხელეს უნდა მიეცეს თვიური ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობა და ხანგრძლივობა უნდა იყოს დამოკიდებული მოხელის სტაჟზე. აღსანიშნავია კერძო საპენსიო ფონდი, რომელიც მოხელეს შესაძლებლობას მისცემს ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაყრდნობით მოახდინოს საკუთარი პოსტსამსახურებრივი პერიოდის დამატებითი ფინანსური უზრუნველყოფა.