ანაზღაურების სისტემა


გააზიარე:


ანაზღაურების სისტემის მიზანია სამართლიანი ანაზღაურების სისტემა თანმიმდევრული და გამჭვირვალე გზით კლასიფიკაციის სისტემას დაუკავშირდეს, სათანადო ანაზღაურება დადგინდეს სრულ განაკვეთზე დასაქმებული საჯარო მოხელისთვის, რაც არსებულ საშუალო სახელფასო განაკვეთებთან, სოციალურ დახმარებასთან, დასაქმების საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობაში იქნება. გარდა ამისა, სისტემის მიზნებში შედის კვალიფიციური პირების საჯარო სამსახურში მოზიდვა, შენარჩუნება და მოტივირება მიმზიდველი და პროგნოზირებადი სახელფასო ანაზღაურების შეთავაზების გზით; კარგი შედეგებისა და შესრულების სათანადო დაფასება (შესრულების შეფასება შეთანხმებული საერთო სტანდარტებისა და დადგენილი პროცედურების გამოყენების გზით განხორციელდება); ბიუჯეტის პროგნოზირებისა და დაგეგმვის ხელშეწყობა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცალკე თავი უნდა დაეთმოს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების რეგულირებასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს, რაც მოიცავს: საჯარო მოხელეთა ანაზღაურების შემადგენელი ნაწილების განმარტებას, საჯარო მოხელეთა ანაზღაურების შემადგენელი ნაწილების განსაზღვრის წესსა და კრიტერიუმებს, ანაზღაურების შემადგენელი ნაწილების ოდენობების დადგენისას გასათვალისწინებელ გარემოებებსა და დაწესებულ შეზღუდვებს.

საჯარო მოხელის ანაზღაურება მოიცავს სამ ძირითად ელემენტს: თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატსა და შეფასებაზე ორიენტირებულ პრემიას:

საჯარო მოხელის თანამდებობრივი სარგო წარმოადგენს საჯარო სამსახურში დაკავებული პოზიციისათვის კანონმდებლობით დადგენილი ანაზღაურების ძირითად ნაწილს. საჯარო მოხელის სახელფასო დანამატი წარმოადგენს მის მიერ საჯარო სამსახურში შესრულებული დამატებითი სამუშაოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დამატებით ანაზღაურებას, ხოლო საჯარო მოხელის პრემია არის საჯარო მოსამსახურის მიერ საჯარო სამსახურში განხორციელებული საქმიანობის შეფასების შედეგების მიხედვით განსაზღვრული წახალისების ფორმა.

დანამატის განსაზღვრის კრიტერიუმები

საჯარო მოხელეს სახელფასო დანამატი უნდა მიენიჭოს შემდეგი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში: რთულ სამუშაო პირობებში მუშაობა, დამატებითი სამუშაოს შესრულება, დამატებითი სამუშაო საათების გამოყენება, ოჯახური მდგომარეობა და შვილების რაოდენობა, საზღვარგარეთ სამუშაოს შესრულება და ა. შ. ასევე, სახელფასო დანამატი უნდა მიენიჭოს ნამსახურები წლებისა (მაგალითად, ყოველ ხუთ წელიწადში) და საკლასო ჩინის გათვალისწინებით. სახელფასო დანამატის ოდენობის ფარგლები გონივრულ მიმართებაში უნდა იყოს საჯარო მოხელის თანამდებობრივ სარგოსთან.

პრემიის განსაზღვრის კრიტერიუმები

პრემიის ოდენობა უნდა დაუკავშირდეს საჯარო მოხელის საქმიანობის შეფასების სისტემას და მინიჭება უნდა მოხდეს მისი შედეგების მიხედვით. კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს პრემიის ოდენობის ფარგლების ურთიერთმიმართება საჯარო დაწესებულების მთლიან ბიუჯეტსა და საჯარო მოხელის თანამდებობრივ სარგოსთან. ყურადღება უნდა მიექცეს მის მიმართებას საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული მოსამსახურის ანაზღაურებასთან და დაცულ იქნეს გონივრული ბალანსი.

განხილული პროცესი ეტაპობრივია და საბოლოო ეფექტიანობას მიაღწევს დაწესებულებების ფუნქციური ანალიზის განხორციელების, რანგირების სისტემის მოწესრიგების, სახელფასო ბადეების შექმნის, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გათვალისწინების და საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემის ჩამოყალიბების შემდგომ.