ელექტრონული პროგრამების დანერგვა სახელმწიფო უწყებებში


გააზიარე:


მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის თებერვლიდან, სახელმწიფო უწყებებს, შემუშავებული მინიმალური სტანდარტების საფუძველზე, ელექტრონული საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სისტემების შემუშავება და დანერგვა ან უკვე არსებული პროგრამების ერთიან სტანდარტზე მორგება დაევალათ.

აღნიშნული სტანდარტის შემოღების მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზაციების დამოუკიდებელ პროგრამებს შორის ინფორმაციის ოპერატიულად მიმოცვლას, რაც გაამარტივებს დოკუმენტების სწრაფად მიღწევას ადრესატამდე, დამუშავებასა და მათზე რეაგირებას. მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული ელექტრონული პროგრამები მკვეთრად შეამცირებს მატერიალურ, დროისა და ადამიანური რესურსების დანახარჯებს.

ელექტრონული მმართველობის პროგრამები სახელმწიფო უწყებებს საშუალებას მისცემს ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება გაუწიონ მოქალაქეებს. ერთიანი სტანდარტები იქნება სხვადასხვა უწყებებში დანერგილი პროგრამების თავსებადობის გარანტიც, რაც საჯარო სამსახურის ბიუროსა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სხვა ორგანოებს მისცემს სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ზუსტი ინფორმაციის ოპერატიული მიღების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პრაქტიკის დახვეწისა და ამ მონაცემებით ოპერირების შესაძლებლობას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2011 წლიდან, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა წარმატებით დაინერგა მთელ რიგ უწყებეში და აღნიშნული პროცესი გრძელდება სხვა ორგანიზაციებშიც.

სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ.


სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტი.