გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და ტრენინგი


გააზიარე:


საჯარო სამსახურის ბიუროს, USAID–ის და NATO–ს პროფესიული განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს I ტომის პრეზენტაცია საჯარო უწყებებისთვის. სახელმძღვანელო წარმოადგენს ერთგვარ სამაგიდო წიგნს საქართველოს საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის, სადაც ნათლად არის ჩამოყალიბებული ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი ფუნქციები, პრინციპები და მიდგომები. სახელმძღვანელოს შემუშავებაში თავიდანვე იყვნენ ჩართულები საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი მენეჯერები. სახელმძღვანელოში დეტალურადაა აღწერილი საჯარო სამსახურში მიღებისა და ორიენტაციის, ისევე როგორც სამუშაოს აღწერილობების შედგენის და სხვა პროცესები. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ასევე II და III ტომების გამოცემა, რომელიც მოიცავს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის სრულ ციკლს.

ღონისძიება გახსნა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა, ირაკლი კოტეტიშვილმა, რომელმაც ისაუბრა სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე საჯარო უწყებებისთვის. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ასევე საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა, საქართველოში NATO–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ, საქართველოში USAID–ის დემოკრატიისა და კარგი მმართველობის პროგრამის დირექტორმა დენიელ რიფმა და სახელმძღვანელოს რედაქტორმა მერი გაბაშვილმა, რის შემდეგაც გაიმართა უშუალოდ პრეზენტაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე. ტრენინგს უძღვებოდნენ NATO-ს პროფესიული განვითარების პროგრამის, საჯარო სამსახურის ბიუროს და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. ტრენინგზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი ციკლი, საჯარო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები, ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვა, სამუშაოს აღწერილობების შემუშავება, კადრების მოზიდვა და შერჩევა. ტრენინგი გაჯერებული იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მაგალითებით.

იხილეთ: საჯარო დაწესებულებებში ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელო