გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს მეორე ნაწილის პრეზენტაცია


გააზიარე:


მიმდინარე წლის 11 მარტს, გაიმართა ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს მეორე ნაწილის პრეზენტაცია NATO-ს პროფესიული განვითარების პროგრამის კონფერენციის ფარგლებში. სახელმძღვანელო საჯარო სამსახურის ბიუროს, USAID–ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) და NATO–ს პროფესიული განვითარების პროგრამების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა.

სახელმძღვანელოს გამოცემა სამ ნაწილად არის დაგეგმილი. პირველი ნაწილის პრეზენტაცია 2013 წლის 18 ივლისს გაიმართა, რომელსაც თან ახლდა ტრენინგები ადგილობრივი თვითმართველობის 120 და ცენტრალური ხელისუფლების 60 ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის.

ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი, ეძღვნება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სტრატეგიულ დაგეგმვას, ადამიანური რესურსების ქვედანაყოფის ფუნქციებს, ასევე თანამშრომლების შერჩევისა და აყვანის პროცედურებს.

მეორე ნაწილი მიზნად ისახავს სამთავრობო უწყებებში არსებული ადამიანური რესურსების ქვედანაყოფების რეალური საჭიროებების მიმოხილვას. სახელმძღვანელო ადგენს ერთიან პოლიტიკას და პრაქტიკას ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ყველა სამთავრობო უწყებაში, ხელს უწყობს ერთნაირი პრინციპებისა და მიდგომების განვითარებას, შემოაქვს მართვის თანამედროვე მიდგომები. რაც შეეხება სახელმძღვანელოს მესამე ნაწლს, ის დაეთმობა სამსახურიდან დათხოვნის თემას.

სახელმძღვანელოს რედაქტორია მერი გაბაშვილი, საჯარო სამსახურის ბიუროსა და ნატო - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის თანამშრომელი. აღსანიშნავია, ასევე,სახელმწიფო დაწესებულებათა ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტთა წვლილი, რომლებმაც უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საკუთარი გამოცდილებიდან მოყვანილი მაგალითებითა და მომზადებული რეკომენდაციებით მნიშვნელოვნად დახვეწეს სახელმძღვანელო.

სახელმძღვანელოს პირველი ნაწილის პრეზენტაციის თანმდევი პროცესის მსგავსად, მეორე ნაწილთან დაკავშირებითაც, აპრილის თვეში, დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება.

ადამიანური რესურსების მართვის სახელმძღვანელოს მეორე ნაწილი.